вторник, 16 ноября 2010 г.

მესხეთის ქედი, აჭარა-იმერეთის ქედი

      ქედი მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, ხარა¬გა¬უ¬ლის, ბაღდადის, ვანის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ადი¬გენის, ახალციხისა და ბორჯომის რაიონებში. წარმოადგენს ხანისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი), სუფსის, ნატანების, კინტრიშისა და აჭარისწყალის, ქვაბლიანის წყალგამყოფს. უმაღლესი მწვერვალია მეფისწყარო (2850 მ). გადაჭიმულია 140 კმ მანძილზე შავი ზღვის სანაპიროდან (ქობულეთ-ბათუმიდან) ქ. ბორ¬ჯომამდე. იგი გამოყოფს კოლხეთის ბარს აჭარისა და ახალციხის ქვაბულებისაგან. ფერდობები ძლიერ არის დანაწევრებული მდინარეთა ღრმა, ზოგჯერ კანიონისებრი ხეობებით. შემორჩენილია მეოთხეული გამ¬ყინ¬ვარების ნაშთები, უმთავრესად კარები, თუმცა მათ ძლიერ ლოკალური გავრცელება აქვთ.
      კლიმატური თვალსაზრისით განსხვავებულია ქედის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილები. სა¬ქარ¬თველოში ყველაზე უხვნალექიანია (ჩაქვის ქედი, მთა მტირალა, ატმოსფერული ნალექების წლიური რა¬ო¬დენობაა 4500 მმ) ქედის დასავლეთი ნაწილი. შესაბამისად შეიმჩნევა განსხვავება ნიადაგ-მცენარეულ საფარშიც. 1000-1200 მ სიმაღლემდე დამახასიათებელია შერეული ფოთლოვანი ტყეები, სადაც ძირითადი ტყეშემქმნელი ჯიშებია: მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი. მათ ზემოთ ნაძვნარ-სოჭნარი, ზოგან ფიჭვნარი ტყეები ცვლის. ტყეში გვხვდება კოლხური ფლორის წარმომადგენლები: შქერი, წყავი, რომლებიც აღ¬მო¬სავ¬ლე¬თის მიმართულებით შედარებით შეზღუდული გავრცელებისაა. შქერი ზოგან გაუვალ ტევრს ქმნის (იხ. ჩაქ¬ვის ქედი). ასევე მცირდება მესამეულის რელიქტური სუბტროპიკული მცენარეების ხვედრითი წილიც (რი¬თაც ასე მდიდარია აჭარა). თხემური ზოლი შემოსილია სუბალპური (ჯუჯა წიფელი, არყის ხე, პონ¬ტო¬ური მუხა) და ალპური მდელოებით. მცირე კავკასიონის სხვა ნაწილებთან შედარებით მესხეთის ქედზე უკეთ არის შენარჩუნებული პირვანდელი ფლორა და ფაუნა. აქაურ ტყეებში გვხვდება მურა დათვი, ირემი, შვე¬ლი, არჩვი და სხვ. მესხეთის  ქედი  გამოირჩევა  კურორტების  სიუხვით.  განსაკუთრებით ქედის ჩრდი¬ლო¬ეთი ფერდობი, სადაც მდებარეობს მთის კურორტები: ბახმარო (რესპუბლიკაში ყველაზე მაღალმთიანი კუ¬რორტი, ზ.დ. 1900-2020 მ სიმაღლეზე), საირმე (950 მ), ზეკარი (750-780 მ). ქედის მთისწინეთში მდე¬ბა¬რე¬ობს კურორტი ნაბეღლავი (470-490 მ). სამხრეთი ფერდობის კურორტებიდან აღსანიშნავია აბასთუმანი (1250-1450 მ). ამ კურორტების უმეტესობა გამოირჩევა სამკურნალო მინერალური წყლებითაც. არსებობს გად¬მო¬ცე¬მა, რომ აბასთუმნის ერთ-ერთი წყაროს (“ბოგატირსკი”) წყლით განიკურნენ ალექსანდრე მაკედონელის მე¬ომრები.
        მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ყანობილის მთაზე, ზ.დ. 1650 მ სიმაღლეზე მდებარეობს აბას¬თუმ¬ნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, სადაც დაკვირვებებს ატარებენ მზეზე, პლანეტებსა და ვარ¬ს¬კ¬ვ¬ლა¬ვებ¬ზე. ობსერვატორიის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილი და  გამოკვლეულია  რამდენიმე  ვარსკვლავი, კო¬მეტა, მცირე ცთომილი.  აქვე მდებარეობს სეისმური სადგურიც, სადაც სეოსმოგრაფები აღნუსხავენ დე¬და¬მიწის ქერქის უმცირეს ბიძგებსაც კი.

Комментариев нет:

Отправить комментарий